ინსტიტუტში განყოფილებებისა და ლაბორატორიების ჩამოყალიბების ისტორია

პ.მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ქიმიური პროფილის უძველესი სამეცნიერო ცენტრია საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1929 წლის 1 ოქტომბერს.

ახლად დაარსებულ ინსტიტუტში იყო ფიზიკური ქიმიისა და არაორგანული ქიმიის განყოფილებები, რომლებიც ორი წლის შემდეგ გაერთიანდა თეორიულ განყოფილებად და ამასთანავე შეიქმნა გამოყენებითი ქიმიის განყოფილება. თეორიულ განყოფილებაში ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარმოებდა ფიზიკური, არაორგანული, კოლოიდური და ანალიზური ქიმიის საკითხებზე, გამოყენებით განყოფილებაში კი არაორგანულ ნაერთთა, ფერად ლითონთა და ნამარხ საწვავთა ქიმიისა და ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით.

ინსტიტუტის დაარსებისთანავე (1930 წ.) შეიქმნა ანალიზური ქიმიის ლაბორატორია. 1935 წელს დაარსდა რენტგენოტექნიკური ლაბორატორია, შემდეგ ფიზიკური მეთოდებით კვლევის ლაბორატორია, ბოლოს - ფიზიკური ქიმიის ლაბორატორია, რომელსაც 1947 წლიდან 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი გ.ციციშვილი. ამავე წელს (1935 წ.) შეიქმნა ზოგადი და არაორგანული ქიმიის ლაბორატორია, შემდეგში - არაორგანული ქიმიის ლაბორატორია, ხოლო 1965 წლიდან კომპლექსნაერთთა ქიმიის ლაბორატორია. 1935 წელს ჩამოყალიბდა აგრეთვე კოლოიდური ქიმიის ლაბორატორია, 1940 წელს კი - ნიადაგების კოლოიდების ლაბორატორია, რომლებიც 1947 წელს კოლოიდური ქიმიის ლაბორატორიად გაერთიანდა. 1937 წელს ორგანიზებული იყო ორგანული ქიმიის ლაბორატორია, რომელსაც 1954 წლიდან ორგანული სინთეზის ლაბორატორია ეწოდა. 1940 წელს ნამარხ საწვავთა ლაბორატორიის ბაზაზე დაარსდა ნავთობის ქიმიის ლაბორატორია, რომელიც 1947 წელს ორ დამოუკიდებელ ერთეულად გაიყო - ნახშირწყალბადების კატალიზური გარდაქმნის ლაბორატორიად (რომელსაც 1965 წლიდან ორგანული კატალიზის ლაბორატორია ეწოდა, შემდგომ – კატალიზის ლაბორატორია) და ნავთობის ქიმიის ლაბორატორიად.

1960 წლიდან ნავთობის ქიმიის ლაბორატორიასთან ჩამოყალიბდა ლილოს ექსპერიმენტული ბაზა, რომელიც ამჟამად რეორგანიზებულია საერთო-საინსტიტუტო საცდელ წარმოებად. კოლოიდური ქიმიის ლაბორატორიასთან შეიქმნა ანტიქლოროზული პრეპარატების საცდელი საამქრო, ამჟამად საინჟინრო ცენტრი.

1975 წელს ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიიდან გამოიყო ქრომატოგრაფიის ლაბორატორია, 1986 წელს კი ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით კვლევის ლაბორატორია. 1975 წელს ორგანული კატალიზის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა თხევადი საწვავის ქიმიის ლაბორატორია.

1984 წელს შეიქმნა პესტიციდების ქიმიის ლაბორატორია, ამჟამად ქიმიური ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორატორია. 1986 წელს ჩამოყალიბდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილება. 1998 წელს ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კომპიუტერული ქიმიის ლაბორატორია. ასეთი ტიპის ლაბორატორიის შექმნა პირველი იყო საქართველოში ქიმიური პროფილით მომუშავე ინსტიტუტებს შორის.